"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო.

„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.


საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.


„შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არცელებს ვოლოდიმირ ზელენსკიც.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები. ისაუბრეს რუსეთის საჰაერო ტერორზე უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ.


„ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ელექტროენერგიის გამომუშავების აღსადგენად. მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხში. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. “დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.

ჯოზეფ ბორელთან საუბარი კი, მისი თქმით, ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.


ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა.

„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია.


საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.


თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


მოლდოვის პრეზიდენტს კი, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვის ევროპული გზის მიმართ.


„პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.


საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.